საინფორმაციო შეხვედრა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლის მუნიციპალიტეტში აზომვითი სამუშაოები დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

სააგენტოს თავმჯდომარემ - დავით დევიძემ, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ.

„იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები აქტიურ საამზომველო სამუშაოებს აწარმოებენ თერჯოლის მუნიციპალიტეტში. მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დღეის მდგომარეობით აზომილია 16000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. მუნიციპალიტეტის მერთან და მერის წარმომადგენლებთან დეტალურად განვიხილეთ სისტემური რეგისტრაციის პროცედურები და ის საკითხები, რომლებშიც ერთობლივად მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, საჯარო რეესტრის თანამშრომლები. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ინფორმირებას და მობილიზაციას საამზომველო სამუშაოების დროს.

ასევე განვიხილეთ საქართველოს სამშენებლო კოდექსში შესული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2023 წლის პირველ დეკემბრამდე აშენებული ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობები კანონიერად ჩაითვლება. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირს არ გააჩნია სამშენებლო დოკუმენტაცია, პროექტი და ნებართვა, შესაძლებელი იქნება აღნიშნული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა კანონიერ საკუთრებად დარეგისტრირდეს. სისტემური რეგისტრაცია მოხდება მიწის ნაკვეთებზე, ასევე რეგისტრაცია შეეხება ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის “ - აღნიშნა დავით დევიძემ.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

2022 წლიდან დღემდე აზომილია 776 466 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 599 493 მიწის ნაკვეთზე.

მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule